ცეცხლსა და ჰაერს რომ გიგზავნის ჩემი არსება, ორივეს შენთვის რომ იმეტებს ჩემი სხეული, პირველი ვნებას, მეორე კი ფიქრს ემსგავსება, ყოფნა-არყოფნის ზღვარზე რომ მაქვს გარს მოხვეული. როცა ეს ორნი უსწრაფესად ჩემგან მიქრიან, რათა სიყვარულს მსახურებდნენ, როგორც ელჩები, მე აღარ მახსოვს, როგორ შემქმნა ოთხმა სტიქიამ და ვიცი მხოლოდ, ცოცხალმკვდარი ორს რომ შევრჩები. და სანამ შენთან გამოგზავნილ ფიქრსა და ვნებას კვლავ დავიბრუნებ, სანამ ვებრძვი დროს და საწუთროს, ორივე მათგანს მე იმედით ვანდობ იმ ნებას, რომ ერთმა მაინც შენზე რამე კარგი მაუწყოს. მოვლენ, შენს ამბავს მახარებენ, მაგრამ მათ ისევ შენსკენ ვგზავნი და სულზე სევდის მსახურებს ვისევ. როდესაც ვფიქრობ, საამქვეყნოდ შექმნილ რაობებს რომ არ შერჩებათ სრულყოფილი დიდხანს იერი, რომ ეს ცხოვრება ჰგავს ნაირგვარ სანახაობებს, რასაც განაგებს გრძნეულება ვარსკვლავიერი, როდესაც ვხედავ, რომ ზეცა და მისი განგება ყვავილებივით ასაზრდოებს ადამიანებს, რომ აყვავების შემდეგ ჭკნობის ჟამიც დადგება, რომ ჩვენს ნაკვალევს საფლავშიაც ვერვინ მიაგნებს, მე მაშინ მესმის, წარმავლობის წესი და რიგი _ ის შენც გაგთელავს, რაგინდ იყო მხნე და დიადი, მტაცებლებივით დროს და ასაკს მოგისევს იგი, რომ ყრმობის დილას მოადევნოს ღამის წყვდიადი. ...და ასე ვებრძვი დროს ფიქრებთან განმარტოებით, რომ შენი ჭკნობა შევაჩერო ლექსის რტოებით.
|