მთავარი » 2010 » ივნისი » 23 » შექსპირის რამდენიმე სონატი
6:18 PM
შექსპირის რამდენიმე სონატი
მე სანამ შენში შთაგონების ძიებას ვბედავ,
სანამ შენს სუნთქვას სიოდ ვაფენ ლექსის სტრიქონებს,
უხეშ ქაღალდზე საფერებელს ვერავის ვხედავ
და ჩემი მუზაც სხვა სალოცავს ვეღარ იგონებს.

ჩემს ლექსს კი არა, საკუთარ თავს უთხარ მადლობა,
შენს სილამაზეს, შენზე უკეთ, ვინ რას გაუგებს?!
მუნჯიც რომ იყოს და ვერ შეძლოს გრძნობის განდობა,
შენს სიტურფეზე მისი მზერა გაისაუბრებს.

შენ რომ მეათე მუზა იყო, თვით დრომ ინება,
შენ ცხრა დანარჩენს ერთი ათად გასცდი პატივით...
თუ წუთისოფელს განკითხვის დღე მოევლინება,
მარადისობას შენ შერჩები წმინდა ხატივით.

სიტყვებით თამაშს რომ შევწირე დრო და გონება,
მე ცოდვად მექცეს, ოღონდ გერქვას შენ შთაგონება!

რადგან ჩემს თვალებს შენს სახესთან უყვართ თამაში,
რადგან მისდევენ გულზე შენი ხატვის ხელობას,
მკერდის ჩარჩოში შენს მშვენებას ვსვამ და ამაში
ვაქსოვ მხატვრობის უნარსა და შორსმხედველობას.

რადგან ხელოვანს თავად მისი ქმნილება ამხელს,
მინდა შენც ნახო, მინდა მითხრა ნახატს ჰქვია რა...
და სახელოსნოს, სადაც ვხედავ მხოლოდ შენს სახეს,
შენი თვალებით გავანათებ, სარკმლით კი არა.

და მაშინ ნახავ, რომ სიკეთეს ვპოვებთ თვალებით:
რომ ჩემი მზერა შენ დაგხატავს, შენი მზერა კი
ჩემს სიცოცხლეში შემოსვლით და შემობრძანებით
დამაიმედებს, რომ ნათდება გულის სენაკი.

თვალი თვალს ხედავს და სიკეთით ხარობს ეგება,
შენს გულს კი ამის არაფერი არ გაეგება.

მე შენს ღირსებებს ლექსით ვაქებ ნეტავი ვისთვის?
ვინ დამიჯერებს და რას ვიტყვი ნეტავი ახალს?
ეგებ წარწერას გითხზავ მხოლოდ საფლავის ქვისთვის,
სადაც მნახველი ღირსებათა ნარჩენსღა ნახავს.

მე რომ შენს თვალებს შევადარე მზე, სხივოსანი,
მრავალთაგან რომ შენში ვპოვე სრულყოფილება,
ეგებ თქვან ჩემზე მომავლებმა - `შეცდა მგოსანი,
ზეციერად რომ მიიჩნია მიწის ქმნილება~.

ეგებ დროჟამით გაყვითლებულ ჩემს წიგნს მავანმა
ვერც კი გაუგოს, ტყუილ-მართლის მთქმელი ვინ არი,
ყალბი უწოდოს შენს მშვენებას შთამომავალმა,
ლექსებს კი _ ძველი სიმღერების ნაცოდვილარი.

და თუ მომავალს დაუტოვე სახსოვრად შვილი,
ჩემს ლექსთან ერთად, ორ სიცოცხლეს შეგძენს ეს წყვილი.

ცეცხლსა და ჰაერს რომ გიგზავნის ჩემი არსება,
ორივეს შენთვის რომ იმეტებს ჩემი სხეული,
პირველი ვნებას, მეორე კი ფიქრს ემსგავსება,
ყოფნა-არყოფნის ზღვარზე რომ მაქვს გარს მოხვეული.

როცა ეს ორნი უსწრაფესად ჩემგან მიქრიან,
რათა სიყვარულს მსახურებდნენ, როგორც ელჩები,
მე აღარ მახსოვს, როგორ შემქმნა ოთხმა სტიქიამ
და ვიცი მხოლოდ, ცოცხალმკვდარი ორს რომ შევრჩები.

და სანამ შენთან გამოგზავნილ ფიქრსა და ვნებას
კვლავ დავიბრუნებ, სანამ ვებრძვი დროს და საწუთროს,
ორივე მათგანს მე იმედით ვანდობ იმ ნებას,
რომ ერთმა მაინც შენზე რამე კარგი მაუწყოს.

მოვლენ, შენს ამბავს მახარებენ, მაგრამ მათ ისევ
შენსკენ ვგზავნი და სულზე სევდის მსახურებს ვისევ.

როდესაც ვფიქრობ, საამქვეყნოდ შექმნილ რაობებს
რომ არ შერჩებათ სრულყოფილი დიდხანს იერი,
რომ ეს ცხოვრება ჰგავს ნაირგვარ სანახაობებს,
რასაც განაგებს გრძნეულება ვარსკვლავიერი,

როდესაც ვხედავ, რომ ზეცა და მისი განგება
ყვავილებივით ასაზრდოებს ადამიანებს,
რომ აყვავების შემდეგ ჭკნობის ჟამიც დადგება,
რომ ჩვენს ნაკვალევს საფლავშიაც ვერვინ მიაგნებს,

მე მაშინ მესმის, წარმავლობის წესი და რიგი _
ის შენც გაგთელავს, რაგინდ იყო მხნე და დიადი,
მტაცებლებივით დროს და ასაკს მოგისევს იგი,
რომ ყრმობის დილას მოადევნოს ღამის წყვდიადი.

...და ასე ვებრძვი დროს ფიქრებთან განმარტოებით,
რომ შენი ჭკნობა შევაჩერო ლექსის რტოებით.

თვალებს დავხუჭავ, რადგან ვიცი, ფუჭად ვირჯები,
შენს ძებნაში რომ ვეურჩები დროის დინებას,
ჩემს წუთისოფელს სიზმარეთში გავემიჯნები
და იქ ვიხილავ მაგ მშვენების ამობრწყინებას.

იქ შენი ჩრდილიც დამიჩრდილავს ღამეულ ხილვას,
იქაც დამხვდება მე ეს ნატვრა სააქაოსი,
რომ დაემგზავრო სიზმრებიდან მოვლენილ დილას
და სამზეოშიც დამიამო ვნების ქაოსი!

რომ ჩემთვის იყო მაცოცხლებელ სხივთა მხლებელი,
რომ დღის სინათლეს დაემადლო დიდი პატივით,
რომ მიცვალებულ ზმანებათა საბრძანებელი
აღარ მიხმობდეს საპაემნოდ ანდამატივით.

ნეტავი ღამეს დილის ვალი აღარ ეხადოს
და შენი სახე მზისქვეშეთშიც გამომეცხადოს.
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 664 | დაამატა: breakerboy | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]